![]() |
|||||||||||||||||||||||||||
|
სეპარატისტული ილუზიები , სასიყვარულო თამაშები რუსეთთან და ”დამოუკიდებლობის ” საფასური აფხაზებისათვის
”აფხაზეთის მედია ცენტრი”
გულიადა ჭკადუა რუსეთის მიერ საქართველოს განდგომილი რეგიონების აღიარების შემდეგ, აფხაზეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია გაძლიერებული ტემპებით მიმდინარეობს_ სამხედრო, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, კულტურის და სხვა სფეროებში ”ორმხრივი ხელშეკრულებების” გაფორმების საშუალებით უშუალოდ რუსების ხელში გადადის ” აფხაზეთის საზღვრების” გაკონტროლების, სტრატეგიული ობიექტების- რკინიგზისა და აეროპორტის მართვის, აფხაზეთის კონტინენტურ შლეიფზე ნავთობისა და გაზის საძიებო და დაზვერვითი სამუშაოების წარმართვის ბერკეტები. გარდა ამისა, სოჭის ოლიმპიადის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აფხაზეთის ზღვის სანაპიროდან ინტენსიურად მიმდინარეობს ინერტული მასალების გატანა, რაც მხარეს ეკოლოგიურ კატასტროფას უქადის. ეკონომიკური ექსპანსიის პარალელურად, რუსეთის მიერ ასევე მიზანმიმართულად ხორციელდება აფხაზი ერის ასიმილირება-შთანთქმისა და აფხაზის, როგორც ერის გაქრობის პროცესი. რომელსაც თან სდევს აფხაზური ენის ფუნქციების დაქვეითება და მისი ფაქტიური ამოვარდნა სახელმწიფოებრივი კონტექსტიდან. რუსეთმა ნიკარაგუასთან ტანდემში, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით ნიშნი მოუგო მთელს მსოფლიოს, მათ ლიდერებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მიანიშნა, რომ რუსეთისთვის დაბრკოლებები და ხელისშემშლელი ფაქტორები არ არსებობს, საჭირო შემთხვევაში ის დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად , საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვით წყვეტს ისეთ რთულ საკითხებს, როგორიცაა სუვერენული სახელმწიფოსათვის ტერიტორიების ჩამოჭრა და მერე მათი დამოუკიდებლობის დეკლარირება. ასე არის თუ ისე, აფხაზმა სეპარატისტებმა ამბიციები დაიკმაყოფილეს - სასიყვარულო აქტი რუსეთთან შედგა, თუმცა ამ აქტს თანამდევი პროცესები ახლავს, რომლებიც რუსულ-აფხაზური ”სიყვარულის ისტორიას” უსიამოვნო ელფერს აძლევს. ეს უსიამოვნებანი კი სწორედ იმ ”მეგობრული” ხელშეკრულებებიდან მომდინარეობს, რომლთა საშუალებით რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 1992-93 წლებში ომის შედეგად წაგლეჯილი ძირძველი ტერიტორიის მისაკუთრების გაფორმება ხდება. ეს პროცესი ხელს უწყობს აფხაზეთის ”ხავერდოვან ” შთანთქმას რუსეთის მიერ. დავიწყოთ თუნდაც იმით, რომ აფხაზეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა ამას წინათ კომპანია ”როსნეფტთან” ნავთობის და გაზის საბადოების მოძიებასა და დამუშავებაზე აფხაზეთის შელფში ხელშეკრულება გააფორმა. ეს მოხდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ოპოზიციამ რუსეთის პრეზიდენტს მედვედევს თხოვნით მიმართა, გაითვალისწინოს აფხაზეთის ინტერესები და არ წაართვას უფლება თავად აკონტროლოს სატრანსპორტო და ენერგეტიკული სისტემები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმალვე გააპროტესტა რუსეთის მიერ აფხაზეთის კონტინენტურ შელფზე ნავთობისა და გაზის საბადოებზე დაზვერვით-საძიებო სამუშაოების წარმოება და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთის სახელმწიფო კომპანია "როსნეფტსა" და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის გაფორმებული შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ, რომელიც დაზვერვითი და საძიებო სამუშაოების წარმოებას ითვალისწინებს, საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს უხეშად არღვევს. თუმცა , რასაკვირველია ამ პროტესტს ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია როგორც სეპარატისტების, ასევე არც რუსეთის ფედერაციის მხრიდან , რომელმაც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების შემდეგ ახალი ხელშეკრულებებით გაამყარა ამ რეგიონების ფაქტიური ექსპანსია. ცოტათი ადრე კი, როგორც ცნობილია, რუსეთმა სეპარატისტულ მთავრობასთან ”აფხაზეთის საზღვრის ერთობლივ გაკონტროლებას” მოაწერა ხელი, თუმცა როგორც გამოირკვა, ხელშეკრულების გაფორმებიდან მცირე ხანში რუსმა სამხედროებმა აფხაზი მებაჟეები საზღვრის მთელი პერიმეტრიდან და საგუშაგოებიდან გააძევეს და რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრების გაკონტროლებას თავად შეუდგნენ. ამ სამუშაოების ჩატარების შემდეგ კი უკვე ძალა და იმედმოცემულმა ოკუპანტებმა უფრო ინტენსიურ რეჟიმში განაგრძეს განდგომილი რეგიონის ეკონომიკური ათვისება. ამის დასტურად აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ კომპანია ”როსნეფტთან” დადებული უკანონო ხელშეკრულებაც კმარა, რომელსაც სპეციალური პუბლიკაცია მიუძღვნა რუსულმა გაზეთმა ”როსიისკაია გაზეტამ,” რომელიც მკითხველს დაბეჯითებით არწმუნებს იმაში , რომ აფხაზეთის შესაბამისი პროფილის უწყებებისა და ”როსნეფტის” ფედერალური სააგენტოს წინასწარი გათვლებით რესპუბლიკაში შავი ოქროს საერთო მარაგი 200-220 მილიონი ტონით განისაზღვრება. საბადო, ძირითადად, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ამ მარაგის ათვისების შემდეგ, აღნიშნავს გაზეთი, აფხაზეთი, შესაძლოა, ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდეს არა მარტო კავკასიაში, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელს ტერიტორიაზე და ნავთობის ექსპორტის თვალსაზრისით აზერბაიჯანსაც კი გაუსწროს. ”თუ აფხაზეთის სანაპიროზე ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა აშენდება, მაშინ შავი ზღვის რეგიონში წარმოიქმნება ახალი, მსხვილი ნავთობგადამმუშავებელი- ნავთობსაექსპორტო ტერმინალი ტუაფსეს(რუსეთი), ბათუმი( საქართველო), კონსტანცა(რუმინეთი), ოდესა, ხერსონი(უკრაინა) ტერმინალების კვალდაკვალ.”,-აღნიშნავს გაზეთი და ცდილობს, აფხაზეთის ”ნავთობის რესპუბლიკად” გადაქცევისათვის ხელის შეშლაში გასული საუკუნის 70 -იანი წლების საბჭოთა საქართველოს ხელისუფალნი დაადანაშაულოს. სტატიის ავტორის თქმით, აფხაზეთის ნავთობრესურსების წინაისტორია ”თითქმის დეტექტიურია”, ” გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, როდესაც აფხაზეთში აღმოჩნდა და წინასწარ დაზვერვა ნავთობის პირველი საბადოები, საქართველოს ხელისუფლებამ ხელი შეუშალა აფხაზეთის ’ნავთობის რესპუბლიკად” გადაქცევას, რადგან შეეშინდა, რომ ეკონომიკური გაძლიერების შედეგად აფხაზეთი მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსს მოითხოვდა რსფსრ-ს შემადგენლობაში და საქართველოზე დამოკიდებული არ იქნებოდა.” პუბლიკაციის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის ხელისუფალნი მოითხოვდნენ, რომ ამ რესურსების ათვისების შემთხვევაში, გათვალისწინებული ყოფილიყო დანარჩენი საქართველოს პრიორიტეტული მოთხოვნები ნავთობზე და მისი გადამუშავების საქმეში უპირატესად ქართველი ჩაერთოთდა არა აფხაზი სპეციალისტი-კადრები. მაგრამ, თურმე, როგორც გაზეთი მიუთითებს, 1950-იან წლებში სსრ კავშირის ყველა რესპუბლიკისათვის, მათ შორის კავკასიის რესპუბლიკებისათვის არსებობდა მკაცრად განსაზღვრული ეკონომიკური ჩარჩოები. მაგალითად, აზერბაიჯანს ეკისრებოდა ყოფილიყო რეგიონის ენერგეტიკული ბაზა, საქართველოს_ ძირითადი სასოფლო სამეურნეო პროდუქტების, მარგანეცის და ზოგიერთო ფერადი ლითონის მწარმოებელ-მიმწოდებელი და რაც მთავარია, ამიერკავკასიის საკურორტო ბაზა. აქედან გამომდინარე, ასკვნის გაზეთი, აზერბაიჯანის იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ გადააფიქრებინა მოსკოვს აფხაზეთში ნავთობის მოპოვება, რადგან თვლიდნენ, რომ ეს შეაფერხებდა კავკასიაში აზერბაიჯანის ლიდერობას ნავთობ-გაზის საკითხში.სომხეთის ხელისუფლება და ექსპერტები კი მხარს უჭერდნენ აფხაზეთში ნავთობის მოპოვებას, რათა თავი დაეღწიათ ნავთობისა და გაზის მხრივ აზერბაიჯანზე თითქმის ასპროცენტიანი დამოკიდებულებისაგან. პუბლიკაციის ავტორის თქმით 1980-იან წლებში აფხაზური გაზისადმი ინტერესი თურქეთმაც გამოავლინა, რომელსაც აქეთკენ იქაურმა აფხაზურამა დიასპორამ უბიძგა. დღეს მისი რაოდენობა თურქეთში 500000 ადამიანს შეადგენს, რაც გაცილებით მეტია თავად აფხაზეთის მოსახლეობაზე _წერს გაზეთი. ზოგიერთი თურქული ფირმა აფხაზებს წინადადებას სთავაზობს, რომ ააშენებდნენ ტრანს- შავი ზღვის ნავთობგამტარს აფხაზეთის სანაპიროდან თურქეთამდე. მაგრამ ამაოდ. სტატიის ავტორის თქმით, ამგვარი რეალობის გამო საბჭოთა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი ისე დაეტოებინათ, როგორც იყო. არ დაერღვიათ ამიერკავკასიის რესპუბლიკების წინანდელი ეკონომიკური სპეციალიზაცია და არ მოსვლოდათ უთანხმოება არც თბილისთან, არც ბაქოსთან და არც სხვებთან. ”იმ დროიდან აფხაზური ნავთობის მარაგის შესახებ ცნობა გასაიდუმლდა, ხოლო მისი შემდგომი დაზვერვა დააკონსერვეს.”-წერს გაზეთი, რომელიც, როგორც ჩანს, საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს აფხაზეთის ბუნებრივი სიმდიდრეების, ნავთობისა და გაზის პოტენციალის მიჩქმალვასა და აფხაზეთის შემდგომი განვითარებისა და გაფურჩქვნის გზების დაბლოკვაში. როგორც გაზეთი იმედოვნებს, დღეს სწორედ ნავთობი შეიძლება იქცეს აფხაზეთის სწრაფი კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და შესაბამისად მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაში მისი როლის ამაღლების ათვლის წერტილად. ”სწორედ ნავთობიდან დაიწყეს განვითარება და სახელმწიფოს მშენებლობა 1960-იან წლებში კუვეიტმა, ბახრეინმა, ბრუნეიმ, კატარიმ. დღეს ისინი მსოფლიოში პატარა, მაგრამ მაღალგანვითარებულ ქვეყნებს წარმოადგენენ»« -აღნიშნავს გაზეთი და ცდილობს მკითხველიც დაარწმუნოს იმაში, რომ აფხაზეთიც უახლოეს მომავალში იმ ქვეყნების გზას დაადგება, რომლებმაც შავი ოქროს აღმოჩენით, დამუშავებითა და ექსპორტით, აყვავებასა და გაფურჩქვნას მიაღწიეს. თუმცა, აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად ამგვარი იმედებისა და ოპტიმისტური წიაღსვლებისა, ექსპერტების უმეტესობა სკეპტიკურად არის განწყობილი აფხაზეთში ნავთობსაძიებო სამუშაოების მიმართ. ბევრი ფიქრობს, რომ სანაპიროს გადათხრა აფხაზეთს სასურველ მიზნამდე ვერ მიიყვანს. რუსეთის ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, უმსხვილეს რუსულ სანავთობო კომპანიასთან შეთანხმება დაკავშირებულია არა მხოლოდ რესპუბლიკაში საინვესტიციო ნაკადების განვითარებასთან, არამედ ეს ელემენტარული აუცილებლობითაც აიხსნება. "აფხაზეთის ეკონომიკის ზრდას მივყავართ ენერგომატარებლების ზრდად მოთხოვნებთან",- აცხადებს ის. ეკონომიკის მინისტრის საპირისპიროდ, ექსპერტების აზრი იყოფა რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებთან დაკავშირებით ნედლეულის საკითხში. ერთნი დიდ მომავალს წინასწარმეტყველებენ, სხვები კი ბუნებრივი რესურსების მოპოვებას უპერსპექტივოდ მიიჩნევენ. ნავთობისა და გაზის პრობლემების ინსტიტუტის დირექტორის ანატოლი დმიტრიევსკის თქმით, ნახშირის მარაგი აფხაზეთში ჯერ კიდევ საბჭოთა გეოლოგებმა აღმოაჩინეს, ხოლო ზღვის ქანებში ნავთობის მარაგი შეადგენს 350-დან 500 მლნ ტონამდე. "ამას გარდა, აქ მზად არის ყველანაირი ინფრასტრუქტურა- პორტები, მილსადენები, იქვე პოტენციური მომხმარებელიცაა",- აცხადებს ექსპერტი. ენერგეტიკისა და ფინანსების ინსტიტუტის დირექტორის ვლადიმირ ფეიგინის შეფასებით კი აფხაზეთში რესურსების მოპოვება ფლანგვა იქნება იმდენად, რამდენადაც ნავთობი შავ ზღვაში ძალიან ღმრად მდებარეობს. სიტუაციას, ექსპერტის აზრით, აფხაზეთის სტატუსიც ართულებს, რადგანაც რუსეთს მოუწევს ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავება მხოლოდ ნიკარაგუასთან ერთად, რადგანაც ამ უკანასკნელის გარდა აფხაზეთის დამოუკიდებლობა არც ერთმა ქვყანამ არ სცნო. რუსებისგან განსხვავებით, ექსპერტი მამუკა არეშიძე, იმ აჟიოტაჟს, რომელიც ამ ბოლო დროს აფხაზეთის საბადოებზე ატყდა, პიარკამპანიად მიიჩნევს. ”ოჩამჩირის საბადო მიუდგომელ ადგილასაა და მისი ექსპლუატირება უახლოეს მომავალში მაინც შეუძლებელი მგონია. იმ ადგილას, სადაც ნავთობი უნდა მოიპოვონ, რუსების გეგმით, შავი ზღვის ფლოტი უნდა განლაგდეს. გარდა ამისა, როგორ ფიქრობთ, აფხაზეთის გაძლიერება რუსეთს ხელს აძლევს? ასეთ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, აფხაზეთმა მართლაც მოითხოვოს დამოუკიდებლობა. რუსეთი ასჯერ აწონის, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამს.”-აცხადებს ექსპერტი. აფხაზეთში ნავთობის არსებობა საეჭვოდ მიაჩნიათ ანალიტიკოსებს, რომლებიც თვლიან, რომ ეს საკითხი დაახლოებით იმ კატეგორიას განეკუთვნება, როგორიცაა კითხვა ” არის თუ არა სიცოცხლე მარსზე”, რასაც შეიძლება ასეთი პასუხი მოყვეს_ ეს ჯერჯერობით მეცნიერების მიერ აღმოჩენილი არ არის. ”თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, როგორ აუბედურებს დღეს აფხაზეთის უნიკალურ ლანდშაფტს რუსეთში ხე-ტყის, მდინარის ინერტული მასალების და სხვა ნედლეულის გატანა, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა მოხდება, თუ აქ მართლაც მოიძიებენ ნავთობს. ეს ნამდვილად ”გააშავებს” აფხაზეთის მთელ სანაპიროს, და თანაც საეჭვოა, რომ აფხაზეთის ეკონომიკას “ოქროს მთები” მოუტანოს. რუსეთი იპოვის ხერხს, როგორ ამოქაჩოს ეს ნავთობი უფასოდ, დაგროვილი ვალის, ან უპრეცედენტო სამხედრო დახმარების სანაცვლოდ._მიიჩნევს საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი ”რაკურს. გე” რომელიც მიუთითებს, რომ მართალია, აფხაზური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ ნავთობის მარაგი შელფზე 300-500 მილიონ ტონას შეადგენს, მაგრამ ამის შესახებ დიდი ეჭვები არსებობს. საბჭოთა კავშირის დროსაც კი , რომლისთვისაც ენერგომატარებლების ექსპორტი პოლიტიკური საკითხი იყო, რადგანაც ამით იკვებებოდა და იმართებოდა მთელი ქვეყანა, აფხაზური ნავთობის შესახებ არაფერი იყი ცნობილი. მაშ საიდან გაჩნდა ეს სენსაციური ინფორმაცია? ნუთუ რუსეთს გაუჩნდა თანამედროვე საძიებო მოწყობილობები, მით უმეტეს, რომ საუბარია ზღვის ფსკერზე? ”ალბათ, საქმე მაინც სხვა რამეში გახლავთ, თვლის ”რაკურს . გე”-. რუსეთის ნავთობმომპოვებელ კომპანიებს ახლა გაუჩნდათ მშვენიერი საბაბი, რომ გადათხარონ აფხაზეთის მთელი სანაპირო. ნავთობი კი საკმაოდ ხუშტურიანი ქალბატონია და ძნელი იქნება ვინმე დაადანაშაულო, თუ ის ხელიდან გაუსხლტებათ. ხოლო ის, რომ აფხაზეთი საბოლოოდ დაემშვიდობება საკუთარი ეკონომიკის მთავარ და ყველაზე პერსპექტიულ დარგს - ტურიზმს, არანაირ ეჭვებს არ ტოვებს. აბა აქ რა დამოუკიდებლობაზეა საუბარი?” ”მაშ რა არის ასე მნიშვნელოვანი მათთვის, ვინც დღეს აფხაზეთში მუსიკას უკვეთავს?”_სვამს კითხვას სტატიის ავტორი და იქვე პასუხიც მზადა აქვს: ალბათ ის არის მნიშვნელოვანი, რომ რუსები წაუგებელ თამაშს თამაშობენ. იქნება ნავთობი თუ არა, თვითაღიარებული რესპუბლიკა რუსეთზე კიდევ უფრო დამოკიდებული აღმოჩნდება. მის უნიკალურ კორორტებს გლობალური პოლიტიკური თამაშების გამო ისედაც არ მოაქვს დიდი მოგება. აქ, ძირითადად, მამაცი რუსი ტურისტები ჩამოდიან, დაბალი ფასების გამო. თუ საჭირო გახდა, ”როსნეფტი” მათაც მიხედავს.” ასკვნის სტატიის ავტორი. ექსპერტების აზრით ეკონომიკური ექსპანსიის აშკარა ნიშნები და რელიეფი იკვეთება აგრეთვე იმ მხრივაც, რომ აფხაზეთში რუსი ბიზნესმენები გამალებით იძენენ უძრავ- მოძრავ ქონებას. ამას აადვილებს ის, რომ აფხაზეთში რუსეთმა ხელოვნურად ასწია ფასები უძრავ ქონებაზე იმდენად, რომ მისი შეძენა ადგილობრივ მცხოვრებლებს არ შეუძლიათ, სამაგიეროდ ათჯერ გაზრდილი ფასების ფარგლებში რუსი ინვესტორები ყიდულობენ ყველაფერს_ კერძო სახლებს, შენობა - დაწესებულებებს, მიწებს, მდინარეებსა დ ტყეებს. მართალია, აფხაზეთის კანონმდებლობა კრძალავს უცხოელებზე უძრავი ქონების მიყიდვას, მაგრამ რუსებმა აქაც იპოვეს გამოსავალი _ ნაყიდ კაპიტალს და ბიზნესს ისინი ადგილობრივ, საიმედო აფხაზებზე აფორმებენ. თუმცა აფხაზეთში ქონების ყიდვა- შეძენის საქმეს სეპარატისტული მთავრობა უახლოეს ხანებში რუსებს გაცილებით გაუადვილებს. ცოტა ხნის წინ ბაღაფშმა განაცხადა, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებს პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აფხაზეთში ბინების შეძენის საშუალებასაც მისცემს. ბაღაფშის ამ განცხადებამ ოპოზიციურ პარტიებში მწვავე კრიტიკა გამოიწვია. მათი თქმით, ამ ნაბიჯით აფხაზეთის ხელისუფლება ხელს უწყობს ასიმილაციას და აფხაზური ეთნოსის თანდათანობით გაქრობას. ”ჩვენ ამის გამო არ ვიბრძოდით თავისუფლებისთვის უკანასკნელი 15 წელი”, - ამბობენ ოპოზიციონერები. როგორც საინფორმაციო საშუალებები წერენ, აფხაზური უძრავი ქონების მიმართ ინტერესი სოჭის ოლიმპიადამ გააღვივა: ფასები საცხოვრებელზე სოჭში კატასტროფულად მაღალია და ახლა რუსები ცდილობენ ფული მეზობელ აფხაზეთში დააბანდონ, სანამ იქ ჯერ კიდევ სიიაფეა. თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ეს სიიაფე მოჩვენებითია, რადგან ადგილობრივ აფხაზებს არ გააჩნიათ იმის შესაძლებლობა, რომ უძრავი ქონება შეიძინონ. ” აფხაზებს არ შეუძლიათ თავიანთთვის ამგვარი ძვირადღირებული ქონების შეძენა, - გულდაწყვეტილი ამბობს გაზეთ ”Чегемская правда”-ს მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი.რუსულ გაზეთთან ”კომერსანტთან” ინტერვიუში,- ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩვენ სხვა ფასები გვქონდა. მაგრამ რუსი ინვესტორები გვკარნახობენ თავიანთ პირობებს. ჯერ კიდევ 5 წლის წინ ჩვენ მხოლოდ ვოცნებობდით ინვესტიციებზე. მაგრამ ახლა ყველა ხვდება: ინვესტიციაცაა და ინვესტიციაც. ოლიმპიადის მოახლოვებასთან დაკავშირებით 90-ანი წლების მსგავსი ეპოქის საფრთხე ბრუნდება: საკუთრების გადაკეთება, თავდასხმა, დაცხრილვები. ჩვენ კი მცირე ერი ვართ და უნდა ვიფიქროთ ეროვნულ ინტერესებზე. ხაშიგის თქმით აფხაზები მადლიერები არიან რუსების, მაგრამ კარგად ესმით, რომ რუსეთმა მისი ინტერესების სასარგებლოდ აღიარა აფხაზეთი..” დამამცირებელი მდგომარეობა, რომელშიც მუდმივად ვართ, როცა ჩვენი პრეზიდენტი პუტინს სთხოვს ფულს და რუსეთს ჩვენს სტრატეგიულ ობიექტებს აბარებს, ბევრს არ მოსწონს.” ამბობს ხაშიგი და ინტერვიუში პირდაპირ აცხადებს, რომ პუტინი მათ აფხაზეთში სამხედრო ბაზების განთავსების სანაცვლოდ აძლევს ფულს. თუმცა იმასაც არ უარყოფს, რომ აფხაზებმა რეალური დამოუკიდებლობა ვერ მიიღეს. ” ჩვენს საზღვრებთან რუსი სამხედროები დგანან. საზღვრის საგუშაგოები მთლიანად რუსი მესაზღვრეების ხელშია და აფხაზეთის იურისდიქცია ამ საზღვრებზე არ ვრცელდება. ჩვენს პრეზიდენტს ამ საგუშაგოების ინსპექტირებაც კი არ შეუძლია.”- ამბობს ხაშიგი. ოპოზიციის ლიდერები აფხაზეთის ხელისუფლებას რუსეთისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემის გამო აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ”ხელისუფლების ნაჩქარევ, დაუფიქრებელ მოქმედებებს ანტირუსული განწყობილებების გამოვლენისკენ მივყავართ ”. მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთს ეს არ აშინებს. - სამი მილიარდის კრედიტი, რომელიც აფხაზეთმა რუსეთისგან აიღო და რომლის დაბრუნებასაც ის ალბათ ვერ შეძლებს - არის გირაო რუსეთზე ჩვენი დამოკიდებულების, - თვლის ინალ ჰაშიგი, - უბრალოდ, ჩვენ მაშინვე ვერ მივხვდით, თუ რა საფასურის გადახდა მოგვიწევდა დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. ინალის მოსაზრებით აფხაზეთის რუსეთთან მიერთების საკითხი ადრე თუ გვიან დადგება: საკმაოდ დიდია რუსული ბიზნეს-სტრუქტურების ეკონომიკური ინტერესები ამ რეგიონში. ეს რომ არ მოხდეს, უკვე დღეს უნდა გაეწიოს წინააღმდეგობა რუსეთის ეკონომიკურ ექსპანსიას,’- თვლის ის. აფხაზებში ოსებისგან განსხვავებით რუსეთთან ინტეგრაციის საკითხი სულაც არ არის პოპულარული. ისინი თვლიან, რომ დღეისათვის აფხაზეთში არსებობს იმის წინაპირობები, რომ ”ქვეყანამ” დამოუკიდებლად იარსებოს , თუმცა აფხაზებს შორის უფრო შორსმჭვრეტელნი კარგად ხედავენ , რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ფიქციაა, რუსეთმა ეს სატყუარა კარგად გამოიყენა მალემრწმენი აფხაზების გასაცურებლად და მავანთა სეპარატისტული ამბიციების გამოსაკვებად. თუმცა ახლა ბევრი ხვდება, რომ აფხაზებს არა მარტო ეკონომიკური ექსპანსია, არამედ ასიმილირება და საბოლოოდ გაქრობა ემუქრება . ამის ნიშნები უკვე სახეზეა. სწორედ აქეთკენ მიისწრაფვიან რუსი ოკუპანტები, რომლებიც სხვადასხვა ხერხით ცდილობენ მიაღწიონ დასახულ მიზანს და ხელოვნურად შეცვალონ აფხაზეთში დემოგრაფიული სიტუაცია. რუსეთმა თავდაპირველად ქართველებით დაიწყო და აფხაზეთში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ ადგილობრივი ქართული მოსახლეობის მიმართ გენოციდი და ეთნოწმენდა განახორციელა . შედეგად რეგიონში დემოგრაფიული სურათი ძირფესვიანად შეიცვალა და აფხაზეთის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა 300000 ქართველი. იმ პერიოდში აფხაზები ფიქრობდნენ, რომ რუსეთი ამას მათი სიყვარულითა და სიმპატიებით აკეთებდა და ” დამოუკიდებლობით” ტკბობას მიეცნენ, მაგრამ გავიდა წლები და დღეს უკვე აშკარაა, რომ რუსეთს ისევე აინტერესებს აფხაზები და მათი ეროვნული ინტერესები, როგორც სხვა დანარჩენი. საქმე იმაშია, რომ დღეს რუსეთი, რომელმაც ნიკარაგუასთან ერთად აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ვერ ითმენს და თავისი შორსმიმავალი მიზნების განხორციელებას უკვე დაჩქარებული ტემპებით განაგრძობს, აფხაზეთში, გარდა ადგილობრივი რუსი მაცხოვრებლებისა, ამ დროისათვის უკვე ჩამოყვანილია და დასაქმებულია 5 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც აფხაზეთის საქართველოსაგან ” დაცვის ” საბაბით იმყოფებიან ამ ტერიტორიაზე და უახლოეს ხანებში საკუთარი ოჯახის წევრების ჩამოსახლებასაც აპირებენ. ვრცელდება ინფორმაცია ასევე იმის თაობაზეც, რომ გალის რაიონში მუდმივ საცხოვრებლად ჩამოვლენ რუსი ექიმები, დამხმარე სმედიცინო პერსონალი და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც” კვალიფიციურად მოემსახურებიან” ადგილობრივ მაცხოვრებლებს. იგეგმება ასევე გალის რაიონის რუსული სკოლების სათანადოდ აღჭურვა და კეთილმოწყობა იმისათვის, რომ ამ სკოლებში შემდეგ გალში ჩამოსახლებული რუსი სამხედროების და მედპერსონალის ბავშვებმა ისწავლონ. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით სოჭის ოლიმპიადისათვის მზადების ფარგლებში რუსები 100 000 დაქირავებული მუშის ჩამოყვანასაც გეგმავენ, რომელთაც მათი თქმით, ”დროებით” დაასახლებენ აფხაზეთში. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის დუმის სპიკერმა გრიზლოვმა სოხუმში ჩასვლისას ღიად განაცხადა და დამსწრე საზოგადოებას იქვე შეახსენა, რომ ”რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადებული სახსრების გასტუმრებას აფხაზეთი საოლიმპიადო მშენებლობით შეძლებს.” ”დაახლოებით 100’000-მდე მუშას, რომლებიც ოლიმპიური ობიექტების მშენებლობის პროცესში უნდა დაკავდნენ, რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთში განათავსებს: სოჭში თავისუფალი საცხოვრებელი ადგილები არ არის, არც ასაშენებელი ადგილია, თან ძალიან ძვირი დაჯდება, ხოლო აფხაზეთში კიდევ არის დიდი, ჯერ კიდვ აღუდგენელი საბჭოთა დროის სასტუმრო კომპლექსები, რომელთა გამოყენებაც სავსებით შესაძლებელია.”_განაცხადა გრიზლოვმა სოხუმში ვიზიტისას. ესეც შენი დემოგრაფიული სიტუაცია! თუ ასე გაგრძელდა, აფხაზეთში რუსები უმრავლესობა იქნება. აფხაზი ერი კი თავისთავად უმცირესობაში აღმოჩნდება, რითაც რუსეთი თავისი გეგმების განხორციელების პირველ ეტაპს დაასრულებს. ამის შემდეგ კი ექსპერტების აზრით, აფხაზი ერის ასიმილაცია შთანთქმის პროცესი იმდენად სწრაფად განხორციელდება, რომ ისინი თვალისდახამახამებასაც ვერც კი მოასწრებენ, რომ საკუთარ მხარეში სტუმრის სტატუსში აღმოჩნდებიან. ამას ხელს შეუწყობს ისიც, რომ დიდი ხანია აფხაზური ენა რუსულითაა ჩანაცვლებული. ისედაც მცირე საურთიერთობო არეალი, რომელიც აფხაზურ ენას გააჩნია, რუსული ენის შემოტევების გამო კიდევ უფრო ვიწროვდება, რასაც შეუძლებელია მტკივნეულად არ აღიქვამდეს აფხაზთა ის ნაწილი, რომელიც კარგად ხედავს, რომ რუსეთისადმი ზედმეტმა მიმდობლობამ მათ დიდი თავსატეხი გაუჩინა. დღეს უკვე აშკარაა_ აფხაზები თვითმყოფადობას კარგავენ. თვითმყოფადობის უპირველესი გამოვლინება ენაა, და როცა მოყვარედ მოსული მტერი ენას გართმევს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ამით გართმევს საკუთარი იდენტურობის გაცნობიერების საშუალებას. აფხაზური ენა კი დღეისათვის დიდი საშიშროების წინაშე დგას_ მას გაქრობა ემუქრება , რაზეც მინიშნება არაერთხელ გააკეთეს არა მარტო ქართველმა მეცნიერებმა, საზოგადო და პოლიტიკურმა მოღვაწეებმა, არამედ რუსი ხალხის იმ პროგრესულად განწყობილმა ნაწილმაც, რომელმა კარგად იცის, საით უკაკუნებს იმპერიული მანქანა. ამ მხრივ საინტერესოა ჟურნალ ”ვლასტში” დაბეჭდილი რუსეთში მოღვაწე თურქული წარმოშობის აფხაზი მწერლის ფაზილ ისკანდერის ინტერვიუს შეხსენება მკითხველისათვის, სადაც მწერალი რუსი კორესპონდენტის შეკითხვაზე, თუ რა ენაზე ლაპარაკობენ დღეს აფხაზები, შემდეგნაირად პასუხობს:”მთელი აფხაზეთი რუსულად ლაპარაკობს. ჩემი ახალგაზრდობის წლებში, ჩემს ბავშვობაშიც ასე იყო. თუმცა 60_70 წლის უკან საკმაოდ დიდი ზეგავლენა ჰქონდა თურქულ ენას. სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ერთმანეთში ხშირად თურქულად ან რუსულად ლაპარაკობდნენ. მე ოდესღაც ცოტათი მესმოდა კიდეც თურქული, მაგრამ მოსკოვში დიდი ხნის ცხოვრებამ ეს ენა დამავიწყა… _ იუნესკო აფხაზურ ენას მკვდარ ენათა რიცხვს მიაკუთვნებს. _ ძნელია შეედავო იუნესკოს, ეს მეცნიერული თემაა. მე ვერ ვგრძნობ ასეთ საშიშროებას, არ მესმის რამდენად რეალურია ეს. იმედი მაქვს ეს არ მოხდება.” ფაზილ ისკანდერის მსგავსად აფხაზი სეპარატისტების ერთ ნაწილსაც სურს დაიჯეროს, რომ ”ეს ასე არ მოხდება,” მაგრამ გარემოებები და შექმნილი ვითარება მოვლენებს სულ სხვაგვარად წარმოაჩენს. აფხაზური ენა დიდი საშიშროების წინაშე დგას, დღეს დგება ჟამი, რომ ენგურსგაღმაც და გამოღმაც, ყველამ ერთად ხმა ავიმაღლოთ აფხაზური ენის გენოციდის წინააღმდეგ და მისი გადარჩენისათვის მთელს მსოფლიოს დახმარება ვთხოვოთ. თუმცა, ეს უპირველეს ყოვლისა, აფხაზებმა უნდა ითაონ და თავიანთ პრობლემას რეალურად შეხედონ, სხვაგვარად ხვალ შეუძლებელი იქნება ამ ენის გადარჩენა. ამ ფონზე არანაკლებ საგანგაშოა ისიც, რომ აფხაზეთში დემოგრაფიული სიტუაციის შესაცვლელად გააქტიურებული რუსეთის ხელისუფლება, უახლოეს ხანებში მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით მოსახლეობის აღწერასაც გეგმავს. ამ მიზნით თავისი ფონდიდან 40 მილიონი მანეთის გამოყოფას აპირებს, რომელსაც მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილ 50 მილიონ დოლარსაც დაამატებს და მისი მცდელობით, 2011 წლისათვის აფხაზეთში შექმნილი შცვლილი დემოგრაფიული სიტუაციაც დაფიქსირდება. საინტერესოა, რუსეთის გარდა კიდევ ვის სჭირდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული დემოგრაფიული სურათის წარმოჩენა და რატომ აინტერესებს ხელოვნურად შეცვლილი დემოგრაფიული სურათის დაფიქსირება მსოფლიო ბანკს, რომელიც წესის და რიგის მიხედვით, ასეთი საეჭვო პროექტების განხორციელებაში არ უნდა ერეოდეს. ამ კითხვაზე, რასაკვირველია პასუხი არ არსებობს, მაგრამ არსებობს რეალობა, რომელიც აფხაზეთში ყალიბდება, _ დღეს აფხაზთა შეგნებულმა ნაწილმა კარგად უნდა გაიცნობიეროს, რომ რუსეთი მისთვის სულაც არ არის ის კეთილი გადია, რომელიც მხოლოდ იმით დაკმაყოფილდება, რომ აფხაზებმა თავიანთი სახელმწიფო შექმნან, დამოუკიდებლობა მიიღონ და მსოფლიო თანამეგობრობას შეუერთდნენ, ასეთი რამ რუსეთის ინტერესებში ცხადია,არ შედის, უფრო მეტიც , დღეს უკვე ყველასათვის აშკარაა, რომ აფხაზები როგორც ინსტრუმენტი, რუსებმა საკუთარი იმპერიული ამბიციების განსახორციელებლად გამოიყენეს, თვდაპირველად მტრობა და შუღლი ჩამოაგდეს ორ, ერთმანეთის მონათესავე და მოძმე ერს შორის, შემდეგ კი აფხაზების ”დაცვის” საბაბით ქართველები საკუთარი სახლ-კარიდან გამოაძევეს და დამნაშავე ერად გამოაცხადეს, დღეს კი უკვე მასიურად და დაჩქარებული ტემპებით დაიწყეს აფხაზეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ათვისება, რომელიც სამწუხაროდ, იმით დასრულდება, რომ აფხაზი ერიც ამ თექვსმეტი წლის წინ აფხაზეთიდან გამოდევნილი ქართველების ბედს გაიზიარებს. თუმცა, აქაც იქნება მცირეოდენი განსხვავება_ ქართველებს ოკუპანტებმა იმიტომ დაატოვებინეს მშობლიური კუთხე და სახლ-კარი, რადგან მათ უარი თქვეს მონის სტატუსზე, საკუთარი ენისა და იდენტურობის დაკარგვაზე, რასაც ვერ ვიტყვით იმ ადამიანების შესახებ, ვინც საკუთარი იდენტურობა და ენა ფიქტიური დამოუკიდებლობის გამო, რუსეთის სასარგებლოდ გაწირა. |
||||||||||||||||||||||||||