![]() |
|||||||||||||||||||||||||||
|
"იმ დილას ყველა დარწმუნებული იყო, რომ ხანმოკლე დროით ტოვებდა სახლ-კარს, დღეს კი ყველამ ვიცით, რომ მაშინ აფხაზეთი დავკარგეთ!..."
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ეს იყო ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992-93) ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც შედეგად საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება მოჰყვა. კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა, ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის მიმდინარეობდა, რომელთაც ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები, არაოფიციალურად კი გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთი უჭერდნენ მხარს. სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ შეთანხმება უძღოდა წინ, რომელიც მხარეებს შორის 27 ივლისს სოჭში დაიდო. ზავი 16 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და სახმელეთო მისადგომებიდან. შეთანხმების თანახმად, საქართველოს ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ჰყავდა. გააფრთებული ბრძოლები გრძელდებოდა 27 სექტემბრამდე, თუმცა ქართულმა ნაწილებმა სუსტი შეიარაღებით მასიურ შემოტევას ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა. ქალაქის აღების შემდეგ სეპარატისტებმა სოხუმში დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა მოაწყვეს. ადგილობრივი მთავრობის წევრები, ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს, ხოლო ალექსანდრე ბერულავა უგზო-უკვლოდ დაიკარგა. რამდენიმე დღეში სეპარატისტთა ძალებმა აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს, კოდორის ხეობის გარდა. დახოცვას გადარჩენილმა მოსახლეობამ გაქცევით უშველა თავს. მათ, ვისაც გემზე ადგილი არ ეყო, სვანეთის მიმართულებით 12 დღე ფეხით იარეს. ნაწილი გადარჩა, ნაწილი კი სიცივისა და შიმშილის გამო დაიხოცა. ცოცხლად გადარჩნენ ისინიც, ვინც თავი გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებს შეაფარეს. მთლიანობაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების სრული დამარცხების შემდეგ რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას ათასობით ადამიანი შეეწირა. გადარჩენილი 250,000-ზე მეტი ეთნიკური ქართველი, ბერძენი და სხვა ერების წარმომადგენელი ლტოლვილად იქცა. რას იხსენებენ დღეს აფხაზეთიდან დევნილები? ქეთევან არდაშელია (სოხუმი): სოხუმის საბოლოოდ დაცემამდე ჩვენს ოჯახს ქალაქი არ დაუტოვებია. ვხედავდით, როგორ იწვოდა ირგვლივ ყველაფერი. 27-მდე ჯერ კიდევ იმედი გვქონდა, რომ ბრძოლას მოვიგებდით, თუმცა იმ დღეს იძულებულები გავხდით, საკენის გზას დავდგომოდით. ეს საშინელება იყო: საკენის გადმოლახვა ბევრმა ვერ შესძლო, გზაზე გაყინული ხალხი ეყარა, უმეტესად – ჩვილები, ბევრიც შიმშილით დაიხოცა. ჩვენ ერთი ჭიქა შაქარი და ორი ცალი "სნიკერსი" მოგვქონდა. მეუღლესთან და შვილთან ერთად მოვდიოდი. გზა დიდი იყო და რაც გვქონდა, უნდა გვეკმარა. უცებ ქალი მომადგა, "ბავშვი შიმშილით მიკვდება და თუ რამე გაქვს, იქნებ, დაგვეხმაროო". ერთი ~სნიკერსი~ მივეცი, მაგრამ რა ნახა ჩემმა თვალებმა?! - მამა მივარდა, წაართვა ბავშვს და თვითონ შეჭამა. რა უნდა მექნა? - მეტი ვერაფრით ვეხმარებოდი, რადგან გზა ჩვენც უნდა გაგვეგრძელებინა და ქმარ-შვილს ხომ ვერ მოვკლავდი შიმშილით?! გზაზე ხალხს ძარცვავდნენ, მანქანებს და ძვირფასეულობას ართმევდნენ. ჩემს თვალწინ კაცმა საკენის გზად ერთ-ერთ მაცხოვრებელს ერთ პურზე ცხენის გაცვლა სთხოვა, მაგრამ იმან უკმეხად უპასუხა, "პურიც ჩემია და ეს ცხენიცო" და ორთავე წაართვა. ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი საშინელი ეპიზოდი იყო გზად, მაგრამ ყველაზე საშინელი ის იყო, რამაც გონება საბოლოოდ დამაკარგვინა: დედამ იმის გამო, რომ შვილი შიმშილით უკვდებოდა, ჩვილი კლდის პირზე დასვა, თვითონ კი ხევში გადახტა. როცა გონს მოვედი, მითხრეს, უკვე სამშვიდობოს ვიყავით. 12 დღე გვივლია. მერე როგორც გაირკვა, იმ დროს ინფარქტი მიმიღია ნერვიულობისგან. ახლა უკვე მე-16 წელია, თბილისში ვცხოვრობ იმ იმედით, რომ ოდესმე ისევ ვიხილავ სოხუმს..... ელიკო ბენდელიანი (გალი-საბერიო): მაშინ 6 წლის ვიყავი. დილით მეზობელმა გაგვაღვიძა, "ჩქარა, სოხუმი დაეცა და ყველა გარბისო". სასწრაფოდ აკრიფა დედამ ერთი ჩემოდანი და გზაზე გავედით. ბავშვებს გვიხაროდა, სტუმრად მივდივართ დეიდასთანო. გზაზე საშინელება ხდებოდა: ყველა გარბოდა, როგორც შეეძლო, - ზოგი - ფეხით, ზოგი – ტრანსპორტით, ბავშვებით ხელში. ჩვენ მეზობლის მანქანით წამოვედით. ზოგს საგზალი მოჰქონდა, "დაბრუნებამდე გვეყოფაო". ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ქალებით და ბავშვებით სავსე ავტოკოლონას ქართველმა ჯარისკაცებმა ტანკებით გაგვასწრეს. მე პატარა ვიყავი, მაგრამ როგორც უფროსები ამბობენ, კიტოვანმა გადმოყო ერთ-ერთი მანქანიდან თავი და ქუდი დაუვარდა. ჩემს მეზობელს ის ქუდი დღემდე აქვს შენახული.... როზა არდაშელია (გალი-თაგილონი): სოხუმი რომ დაეცა, ჩვენ ჯერ კიდევ გამსახურდიას იმედი გვქონდა და სახლები არ დაგვიტოვებია. გვეგონა, რომ გალს მაინც დავიცავდით, მაგრამ ამაოდ. 1 ოქტომბერი თენდებოდა, როცა სოფელში ყიჟინა ატყდა, ჩვენი კოლმეურნეობის მაშინდელი თავმჯდომარე რევაზ გეგიძე გალიდან ფეხით წამოსულიყო და ხალხს გზადაგზა აღვიძებდა, "გვიტევენ, თავს უშველეთო!". მაშინ ჩემი შვილი სულ პატარა იყო, ჩემოდანზე შევსვი და ენგური გადმოვცურე, უკვე მთელი სოფელი ენგურს აქეთ, სოფელ შამგონაში შეკრებილიყო, - სულ რაღაც წუთები და ცოცხლები აღარ ვიქნებოდით. ნაპირზე შეკრებილები შორიდან ვუყურებდით, როგორ იწვოდა სოფელი, ერთიანად კვამლში იყო გახვეული... მაინც გვეგონა, რომ მალე დავბრუნდებოდით... ძალიან ბევრი მართლაც დაბრუნდა, თუმცა დიდი რისკის და შიშის ფასად... ზვიად ჯაჭვლიანი (სოხუმი): სვანეთით მოვდიოდით, პატარა დისშვილები მომყავდა, ვერტმფრენში უნდა ჩამესვა და უსაფრთხო ადგილას გამეგზავნა, მაგრამ ათი წუთი დამაგვიანდა, ის ვერტმფრენი კი ჩემს თვალწინ აფეთქდა... 16 წელი გავიდა და აფხაზეთი ისევ ოცნებად დარჩენია ათასობით ადამიანს. დღესაც კითხვად რჩება, რატომ დაეცა მაშინ სოხუმი... ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ როგორც აფხაზმა, ისე ქართველმა - ვის როგორ შეეძლო, ერთმანეთის ხორცი დაგლიჯეს, რაც წაუშლელ მოგონებად დარჩა უამრავი ადამიანის მეხსიერებაში. P.S. მე კი მაშინ სულ სამი წლის ვიყავი და არაფერი მახსოვს, მაგრამ უფროსების მონაყოლიდან ვიცი, რომ სახლი 1993 წლის 1 ოქტომბრის დილას დავტოვეთ. მაშინ, როცა მთელი სოფელი ტიროდა, მე, თურმე, ვმღეროდი, "მამიდასთან მივდივარ სტუმრად"-თქო. თან ისიც მიხაროდა, რომ მეზობელმა მაკარონი მაჩუქა, რომელიც თურმე, ძალიან მიყვარდა. იმ დილას ჩემსავით ბევრმა დატოვა სახლ-კარი და ყველა დარწმუნებული იყო, რომ ხანმოკლე დროით. დღეს ყველამ ვიცით, რომ მაშინ აფხაზეთი დავკარგეთ... ირინა არდაშელია სააგენტო "პირველი" |
||||||||||||||||||||||||||