![]() |
|||||||||||||||||||||||||||
|
"გამოსავალი ერთია: დაველოდოთ, როდის გაიმარჯვებს რუსეთის ხელისუფლებაში საღი აზრი და ამავდროულად ადამიანური ურთიერთობები გავაღრმავოთ"
ინტერვიუ ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის დირექტორთან, ჟურნალისტ ოლეგ პანფილოვთან. - საქართველოში ძალიან ბევრს საუბრობენ ტალიავინის კომისიის დასკვნაზე. რუსეთში როგორ აფასებენ ამ დასკვნას? - ვფიქრობ, ძალიან ბევრისთვის პირველი შთაბეჭდილება ცუდი იყო, რამდენადაც ყველას თავისი მოლოდინები ჰქონდა. რუსეთში მიაჩნდათ, რომ დასკვნას "ოსი ხალხის გენოციდი" უნდა დაედასტურებინა. საქართველოში, თავის მხრივ, რუსული აგრესიის დადასტურებას ელოდნენ. სინამდვილეში ეს დოკუმენტი ძალიან ბევრ იმ ინფორმაციას შეიცავს, რომელსაც ქართული წყაროები აქვეყნებდნენ, მაგრამ კრემლის მესვეურები არ აღიარებდნენ. ამ ჩამონათვალშია, პირველ რიგში, მითი "ოსი ხალხის გენოციდის" თაობაზე, რომელიც რეალურად ქართველების ეთნიკურ წმენდას წარმოადგენდა. ამ მიმართულებით დასკვნამ არა მარტო დაადასტურა ეთნიკური წმენდის ფაქტი, არამედ შეიძლება, საქართველოს მიერ საერთაშორისო სასამართლოში საქმის აღძრვის საფუძვლად იქცეს. ამმხრივ ეს დასკვნა ძალიან ფასეულია, თუმცა იმდენად, რამდენადაც ეს არ არის სასამართლოს განაჩენი, მას უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა გააჩნია, ვიდრე იურიდიული. - მაგრამ რუსული მხარე ტალიავინის კომისიის დასკვნას რუსული დიპლომატიის გამარჯვებად აფასებს (ისევე, როგორც თავის მხრივ, ქართული). თქვენი აზრით, ეს მართლაც ასეა? - ეს უკვე პროპაგანდის სფეროს განეკუთვნება. რაში გამოიხატება გამარჯვება? - იმაში, რომ ჟურნალმა "შპიგელმა" რამდენჯერმე მიზანმიმართულად გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც ევროკავშირის კომისიამ მაშინვე უარყო, თუმცა სასარგებლოდ წაადგა კრემლის დროებით იმიჯს?! პირველი ორი-სამი დღის განმავლობაში რუსული მასმედია ასე იტყუებოდა, თუმცა შემდეგ ეს მცდელობები შეწყდა. - მაინც რომელი მხარისთვისაა, თქვენი შეფასებით, ტალიავინის კომისიის დასკვნა უფრო მძიმე? - ნებისმიერი კონსტატაცია ომისა და მსხვერპლისა ნებისმიერი მხარისთვის მძიმეა. მაგრამ მთავარი, რაც აღნიშნულია დასკვნაში ისაა, რომ სამხრეთ ოსეთი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ტერიტორიაა. ასე, რომ, რუსული მხარის მცდელობა, ეს დასკვნა საკუთარ გამარჯვებად გამოაცხადოს, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. - თავად როგორ აფასებთ 2008 წლის აგვისტოს ომს, ამის შემდეგომ კი კრემლის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას? - უცნაური კითხვაა. როგორ შეიძლება, შეაფასო ქვეყნის ოკუპაცია და დაკავებული ტერიტორიიდან მისი მოსახლეობის დიდი ნაწილის განდევნა?! არ მესმის განცხადებები იმის შესახებ, რომ გასული წლის ომში ერთი ადამიანი _ სააკაშვილია დამნაშავე. მაშინ, მინდა, საპასუხო კითხვა დავსვა: 1993 წლის მოვლენებში ვინაა დამნაშავე? 80-იანი წლების ბოლოს-90-იან წლებში დაიწყო პროცესი საბჭოთა კავშირის საბოლოოდ დაშლის შესაფერხებლად. რუსი პოლიტიკოსები და სამხედროები სახელმწიფოების წინააღმდეგ იმ ტერიტორიებს იყენებდნენ, სადაც შერეული მოსახლეობა იყო: აზერბაიჯანში _ ყარაბაღს, მოლდოვაში _ დნეტრისპირეთს, საქართველოში _ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. მიტაცებული რეგიონები ახლა უკეთ ცხოვრობენ? რა თქმა უნდა - არა! კრემლი ამისთვის არ უჭერდა მხარს სეპარატისტულ მოძრაობას, მას მხოლოდ ბაქოს, თბილისისა თუ კიშინიოვის დაშანტაჟება სურდა. გაიხსენეთ, კიდევ რამდენ მსგავს მცდელობას ჰქონდა ადგილი, რომელიც ვერ განხორციელდა _ ფერგანაში, ოშში, ტაჯიკეთსა და ყირიმში... - ბევრი თვლის, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებით რუსეთმა თავისთვის საშიში პრეცედენტი დაუშვა და სტიმული მისცა მათ, ვინც ასევე ითხოვს დამოუკიდებლობას (იგულისხმება ჩეჩნეთი, ინგუშეთი და ა.შ)... - ვფიქრობ, ასეა. ეს არის ნიშნები იმისა, რომ რუსეთის შიგნით არსებულ სეპარატისტულ მოძრაობებს რეალურად შეუძლიათ სახელმწიფოს ჩამოშლა და ასეთი საფრთხე ყოველწლიურად იზრდება. - თქვენი ინფორმაციით, რა სიტუაციაა ამჟამად ჩრდილოეთ კავკასიაში? ბოლო დროს აფეთქებებისა და პოლიციის საგუშაგოებზე თავდასხმების ფაქტები გახშირდა.... - თუ ვიმსჯელებთ თუნდაც იმ დოზირებული ინფორმაციით, რომელიც ჟონავს, ვფიქრობ, ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაცია კატასტროფის ზღვარზეა. ჩვენ სრულყოფილ ინფორმაციას მოკლებულნი ვართ, მაგრამ თუნდაც ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენამდე აღწევს ყოველდღიური აფეთქებების, სროლების და მსხვერპლის შესახებ, ფართომასშტაბიან პარტიზანულ ბრძოლებზე მეტყველებს. - რუსულ-ქართული ურთიერთობები ჩიხში შევიდა. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს. ქართულ მხარეს კი თავისი პრეტენზიები აქვს, ის თავისი ტერიტორიების დეოკუპაციას ითხოვს. გამომდინარე აქედან, როგორ გესახებათ ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობა და რაშია გამოსავალი? - უახლოეს მომავალში ვერანაირი ურთიერთობები ვერ იქნება. საქართველო რუსეთს თავს არ დასხმია და მისი ტერიტორიების ანექსირება არ მოუხდენია. გასაგებია, რომ კრემლს მოლაპარაკებების წარმოება არ აწყობს, ვინაიდან ის შეიძლება, მხოლოდ ერთ საკითხს შეეხებოდეს - საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას. საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან საუბარზე უარის თქმა თავხედობაა არა მარტო პრეზიდენტ სააკაშვილის ამომრჩევლების, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობის წინაშე. ჩვენს დროში იმის მითითება, თუ ვინ უნდა აირჩიონ სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა, დაუშვებელია. დიპლომატიურ ენაზე ამას უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა ჰქვია და ეს მარტო საქართველოს არ ეხება. გაიხსენეთ, რუსეთს ასევე არ უნდოდა, უკრაინის პრეზიდენტად ვიქტორ იუშენკო აერჩიათ და ვიქტორ იანუკოვიჩის კანდიდატურას ლობირებდა. იგივე ხდებოდა ბოლო პერიოდში მოლდოვაშიც. სამაგიეროდ კრემლი არ ეხება დიქტატორებს ცენტრალურ აზიაში, რომლებიც პირადად მას აწყობს. გამოსავალი ერთია: დაველოდოთ, როდის გაიმარჯვებს რუსეთის ხელისუფლებაში საღი აზრი და ამავდროულად ადამიანური ურთიერთობები გავაღრმავოთ. - რამდენად რეალურია საფრთხე რუსეთის მხრიდან აგრესიის განმეორებისა? ექსპერტები თვლიან, რომ აგვისტოს ომში რუსეთმა ვერ მიიღო ის, რაც რეალურად სურდა... - რუსეთმა ნამდვილად ვერ მიაღწია თავის მიზანს _ საქართველოს ხელისუფლების შეცვლას, თბილისის დაკავებასა და აქ მარიონეტული რეჟიმის შექმნას. როგორც იცით, საქართველოს ხელისუფლებაში მოხვედრის მსურველი საკმაოდ ბევრია. აბსურდულია მოსაზრება, რომ კრემლი აფხაზეთსა და ე.წ. სამრეთ ოსეთზე უარს იტყოდა მას შემდეგ, რაც დარწმუნდებოდა, რომ საქართველო მუხლებზეა დაცემული და მოსკოვის ყველა ქმედებას დაემორჩილება. - რუსი ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთში ეკონომიკური კრიზისის მეორე ეტაპი იწყება. როგორია თქვენი შეფასება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს ქვეყნისთვის ფინანსური კრიზისის გაღრმავებას? - ამ შემთხვევაში ეკონომისტებს უნდა ვენდოთ, თუმცა ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანების დიდ რაოდენობას სამუშაოდან ათავისუფლებენ, ორგანიზაციები იხურება, ფასები იზრდება. მთელი წელია, 2008 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, “კომერსანტი” შაბათობით 24 გვერდზე გაკოტრებული საწარმოების სიებს აქვეყნებს. განა ეს კრიზისი არ არის? - ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ მომავალი პრეზიდენტი შესაძლოა, ისევ ვლადიმერ პუტინი გახდეს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? - მე ამაში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი. საკმარისია, ყურადღებით დააკვირდეთ დიმიტრი მედვედევს, შეაფასოთ მისი ინტელექტი და საუბარი. სიტყვებით თამაში შესაძლებელია და მისი გამოსვლები ზუსტად იმეორებს პუტინის 7-8 წლის წინანდელ გამოსვლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტექსტებს ერთიდაიგივე სპიჩმეიკერები წერენ. ვინ იცნობდა რუსეთში მედვედევს, როგორც პოლიტიკოსს? _ არავინ. ძველ რუსულ ენაში არის ასეთი სიტყვა - престолоблюститель, ანუ დროებითი მმართველი, ვინც ადგილს ინახავს, მანამ, სანამ ნამდვილი მფლობელი არ დაბრუნდება. - და ბოლოს, როგორ აფასებთ რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობებს? რეალურად შესაძლებელია თუ არა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების "გადატვირთვა"? - რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. აშშ-მა 1917 წელს ძალიან დიდი საფასური გადაიხადა, როცა თვალყურს ადევნებდა ბოლშევიკების მიერ ღირებულებების განადგურებასა და რეპრესიებს, საბჭოთა კავშირის აგრესიულ ომებს ავღანეთში, ნიკარაგუაში, ანგოლაში, ეგვიპტესა და კუბაში. რუსეთში ძალიან ბევრი იარაღია, რომლის გაკონტროლებაც აუცილებელია. თუმცა მალე ის გამოუსადეგარი იქნება და მაშინ გამოჩნდება, როგორ შეიძლება მოქმედება. იდეოლოგიური ბრძოლა რუსეთის სრული კრახით დასრულდა, ის, აგრესიისა და სიძულვილის გარდა, მეზობლებს ვერაფერს სთვაზობს. აშშ პირიქით, ეკონომიკურ რეფორმებსა და დემოკრატიას სთავაზობს მსოფლიოს. ლევან ჭითანავა საინფორმაციო სააგენტო "პირWელი" |
||||||||||||||||||||||||||