Наша Абхазия Грузия Online Бизнес Грузия
მშობლები აფხაზებმა გადამირჩინეს

Sana.ge
ირინე მჭედლიძე

დღე არ გავა, ჩემი სოხუმი არ დამესიზმროს. სიზმრებში ისევ იქ ვარ, თითქოს იმ სურნელსაც ვგრძნობ, მხოლოდ სოხუმის ქუჩებში რომ ტრიალებდა", – გვითხრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ. "სარკე" მას სახლში ქრისტეშობის საღამოს ესტუმრა. ჩვენი მასპინძელი გულღია და კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა. შინ ახალი დაბრუნებული იყო, იმ დღეს დევნილი ბავშვები საჩუქრებით გაახარა. ამიტომ განსაკუთრებული განწყობა ჰქონდა. მსმენოდა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს ჯაზი და კლასიკური მუსიკა რომ უყვარდა, მაგრამ თავადაც თუ ჯაზურ მუსიკას წერდა, ნამდვილად არ ვიცოდი. იმ საღამოს პიანინოზე საკუთარი მუსიკალური კომპოზიციებიც შეგვისრულა.

გიორგი ბარამიას მეუღლე, ქეთევან კაჭარავა, პროფესიით ექიმი გახლავთ. ოჯახი 20 წლის წინ შექმნეს და ორი გოგონა, 18 წლის თათა და 14 წლის ნინი ჰყავთ.

– ბატონო გიორგი, სოხუმში ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

– ჩემი სახლი, ქუჩა, მე–6 საშუალო სკოლა, სადაც დედაენა ვისწავლე და ის სურნელი, მხოლოდ სოხუმის ქუჩებში რომ იდგა. ზღვის პირას სუბტროპიკული მცენარეებით გაშენებული პარკი იყო. შეყვარებულების პარკს ეძახდნენ. არ მეგულება სოხუმელი, რომელსაც გოგოსთვის იმ პარკში სიყვარული არ აეხსნას. ულამაზესი ადგილი იყო. წარმოიდგინეთ, ზღვის ფონი, მზის სხივი, რომელიც ტალღებს დაჰყურებს, მაგნოლიის სურნელით გაჟღენთილი გარემო და შეყვარებული ვაჟის სიყვარულით სავსე გული... ბევრი რამ მახსენდება და მენატრება.

– "შეყვარებულების პარკში" თქვენც გექნებოდათ პირველი პაემანი, გახსოვთ?

– როგორ არ მახსოვს?! მაშინ 15 წლის ვიყავი. სხვათა შორის, ჩემი პირველი სიყვარული აფხაზი გოგონა იყო.

– როცა გული გადაუშალეთ, რა გითხრათ?

– დაიმორცხვა, ლოყები შეუწითლდა. პირველად მას მაშინ ვაკოცე, ოღონდ ლოყებზე. იცით, ხშირად კიდევ რას ვიხსენებ? სასტუმრო "აფხაზეთის" ქვემოთ იყო კაფე, სადაც უგემრიელეს ყავას და "კოფე გლიასეს" ყიდდნენ. ყავა 20 კაპიკი ღირდა, "გლიასე" – 30 კაპიკი. გოგონებს ხშირად ვეპატიჟებოდით, ერთხელ 4 გოგო დავპატიჟე. მითხრეს, ყავა არ გვინდა, "გლიასე" გვიყიდეო. ჯიბეში მხოლოდ 1 მანეთი მედო. ოთხივესთვის რომ მეყიდა, 20 კაპიკი მაკლდებოდა, თან მე არ უნდა დამელია. მოვიმიზეზე, ყელი მტკივა და ვერ დავლევ–მეთქი და 4 "გლიასე" შევუკვეთე. ამ დროს ჩემმა კლასელმა გამოიარა. ვუთხარი, 20 კაპიკი მასესხე, მიშველე–მეთქი. 20 კაპიკი რა არისო, მითხრა და მანეთი მომცა. ასე რომ, ყელის ტკივილიც დამავიწყდა და გოგონებსაც გავუმასპინძლდი.

– როდის შენიშნეთ, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის ბზარი გაჩნდა?

– აფხაზებმა პირველი მიტინგი რომ გამართეს, მე და ჩემი გუდაუთელი აფხაზი მეგობარი ჩემთან სახლში ვქეიფობდით. სამწუხაროდ, ის ბიჭი ცოცხალი აღარ არის. მითხრა, აფხაზები ქალაქის ცენტრში მიტინგს აწყობენ, წავიდეთ, გავიგოთ, რა უნდათო. იქ რომ მივედით, მეგობარს მიტინგის ერთ–ერთ მონაწილესთან სერიოზული შეკამათება მოუვიდა. აქეთ რომ გამოვიდა, მითხრა, გია, მგონი, საერთოდ გააფრინეს, ამბობენ, აფხაზები ვართ და ცალკე უნდა გავიდეთო. მერე ხელი ჩაიქნია, მითხრა, ამათთან ლაპარაკს აზრი არ აქვსო და წავედით. სოხუმი იყო ქალაქი, სადაც ადამიანებს ნაციონალობის მიხედვით არ არჩევდნენ. ყველას ერთი სახელი ერქვა – სოხუმელი. კარგი და მართალი კაცი თუ იყავი, ყველა გაფასებდა. ჩვენი თაობის სოხუმელ ბიჭებს ექსტრემისტული განწყობა არ ჰქონიათ.

– მერე ასეთი დამოკიდებულება რამ შეცვალა?

– ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ავადსახსენებელი არძინბა აფხაზეთში ჩამოვიდა. ქართველებსა და აფხაზებს შორის სიძულვილი მან დათესა. მას 20 წელი აფხაზეთში არ უცხოვრია, ის ტრადიციები და დამოკიდებულება, რაც ჩვენ ერთმანეთში გვქონდა, მისთვის უცხო იყო. რუსეთიდან მოწამლული ჩამოვიდა და სიძულვილის თესვა დაიწყო. მანამდეც, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ექსტრემისტული განწყობა. 1978 წელს სოფელ ლიხნში აფხაზები შეიკრიბნენ და საქართველოს შემადგენლობიდან გამოყოფის სურვილით პოლიტბიუროს მიმართეს. მაშინ შევარდნაძე ჩამოვიდა და მიტინგზე სიტყვით გამოვიდა. მას მიკროფონიც კი ჩამოუგდეს. ექსტრემისტული განწყობა იქიდან დაიწყო, მაგრამ 1988–89 წლებში გაცილებით გაღრმავდა... ყველაფრის მიუხედავად, არავის სჯეროდა, ეს ყველაფერი ასეთ დაპირისპირებაში თუ გადაიზრდებოდა. სოხუმი რომ იბომბებოდა, მაშინაც კი არ ვფიქრობდით, რომ ასეთი რამ მოხდებოდა.

– თქვენ როდის დატოვეთ სოხუმი?

– როცა შევარდნაძემ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ყველამ დაიჯერა, რომ მშვიდობამ დაისადგურა. ქართველებსა და აფხაზებს შორის სუფრებიც კი გაიშალა. მაშინ მოსკოვში რაღაც ბიზნესი მქონდა და ერთი კვირით ჩემი საქმეების მოსაგვარებლად წავედი. ერთ დღეს ჩემი მეგობარი აფხაზი მოვიდა და მითხრა, არავითარი შერიგება არ მომხდარა, სოხუმზე შეტევას ისევ აპირებენ და გირჩევ, შენი ოჯახი სოხუმიდან გაიყვანოო. ჩემს მშობლებს დავურეკე და ვუთხარი, ასეთი მდგომარეობაა–მეთქი. მამაჩემმა არ დამიჯერა, მითხრა, ეგ გამორიცხულია, ეჭვიანობას თავი დაანებეო. ვისაც დავურეკე, არავინ დამიჯერა. სანამ აეროპორტში წავიდოდი, ტელევიზორი ჩავრთე. რუსეთის ერთ–ერთ არხზე გავიდა სიუჟეტი, სოხუმზე შეტევა დაიწყოო. ჩემმა აფხაზმა მეგობარმა იყვირა, ხომ გეუბნებოდიო. აეროპორტში რომ მივედი, მითხრეს, სოხუმის რეისი გადაიდოო და ბათუმში ჩავფრინდი.

– ქალბატონო ქეთევან, თქვენ ამ დროს უკვე გიორგის ცოლი იყავით. იმ დღეებში ქმარს ახლდით?

ქეთევანი: სოხუმში ვიყავი. თათა წლინახევრის იყო. ჩემი მამამთილი მამშვიდებდა, ნუ გეშინია, მე დაგიცავო. ერთი ძველი თოფი ჰქონდა. გადახსნა, რომ დაეტენა, მაგრამ ვეღარ დახურა. ასე გადაკეცილი თოფით ცდილობდა ჩვენს დაცვას. მამამ მითხრა, ცუდი სიტუაციაა, შენ და ბავშვი აქაურობას უნდა გაგარიდოთო. ბაბუშერის აეროპორტში წავედით. მამის მეგობრის დახმარებით ბოლო თვითმფრინავში ავედით, იმის შემდეგ რეისები აღარ შესრულებულა. მე, თათა და ჩემი და თვითმფრინავში ავედით, მაგრამ ჩანთა, სადაც თათას ნივთები მელაგა, ვერ ავიტანეთ. მამამ იფიქრა, გაწვალდებიან, ბავშვის ნივთები რომ არ ექნებათო, ამიტომ ჩანთის გამო თბილისში გამოგვყვა. მამა ასე გადამირჩა. დედა მოგვიანებით გემით წამოვიდა, რომლითაც დაჭრილი და დახოცილი ბიჭები გადმოჰყავდათ.

– ბატონო გიორგი, როდის გაიგეთ, რომ თქვენი ოჯახი სამშვიდობოს იყო?

გიორგი: სოხუმი უკვე დაცემული იყო. ოჯახს დიდხანს ვეძებდი. ბოლოს ქეთი და თათა ვიპოვე, მაგრამ ჩემი მშობლები სოხუმში დარჩნენ. მამას უამრავი აფხაზი მეგობარი ჰყავდა. ჩემი ნათლიმამაც აფხაზი იყო. ჩვენს ქუჩაზე 12 აფხაზი ოჯახი ცხოვრობდა. ომის პერიოდში მათ ვიცავდით, ვეხმარებოდით. მათ სიკეთე დააფასეს და ჩემი მშობლები 6 თვის განმავლობაში დამალეს. ტელეფონზე რომ ველაპარაკე, აფხაზებმა მითხრეს, სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ, შენი მშობლებიც იცოცხლებენ, სიკეთე სიკეთით ფასდებაო. ბოლოს არძინბამ ვანდალური ბრძანება გამოსცა, რომ ის აფხაზი, ვინც ქართველს შეიკედლებდა, სიკვდილით დაისჯებოდა. იმ მეგობარს, რომელიც მაფრთხილებდა, რომ ომი განახლდებოდა, ვთხოვე, ჩემი მშობლები გამოეყვანა. მითხრა, სამ დღეში შენს მშობლებს ცოცხალს თუ არ გამოვიყვან, ჩათვალე, რომ მეც მკვდარი ვარ, მათ გარეშე იქიდან ცოცხალი არ გამოვალო. მშობლები მან და მისმა ძმამ გადამირჩინეს. სხვათა შორის, ის ძმა დღეს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მაღალჩინოსანია. არასოდეს დამავიწყდება, რომ მან მშობლები გადამირჩინა და საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.

– აფხაზ მეგობრებთან დღეს თუ გაქვთ ურთიერთობა?

– რა თქმა უნდა, ბევრ აფხაზთან მაქვს ურთიერთობა. მათგან კარგი მესიჯები მოდის. ერთ ჩემს აფხაზ მეგობარს შვილი გაუხდა ავად. დავეხმარეთ, აქეთ გადმოვიყვანეთ, ვუმკურნალეთ. ერთი თვის განმავლობაში მთელი საქართველო შემოვატარეთ. აჭარა და სიღნაღი რომ ნახა, გაგიჟდა. თქვა, თავი ევროპაში მგონიაო. ერთი ამბავი მომიყვა. თურმე ქართველ მეგობრებთან ერთად თბილისის რესტორანში შევიდა. ამ დროს მუსიკოსებიდან ერთ–ერთი მასთან მივიდა და უთხრა, შენ ხომ სოხუმელი ხარ, სპორტზე ერთად დავდიოდითო. აფხაზმა მითხრა, ისე მომეფერა, ცრემლები წამომივიდა, მერე მთელი საღამო იმ რესტორანში აფხაზურ სიმღერებს მღეროდნენო. უკვირდა, ყველაფრის მიუხედავად, რაც ჩვენ შორის მოხდა, ქართველებში ჩვენ მიმართ სიძულვილი ვერ დავინახეო. მეორე ჯგუფიც ჩამოვიდა. მათ პატრიარქი შეხვდა, მოეფერა, დალოცა.

– როგორც ვიცი, ათონის წმინდა მთა რამდენჯერმე მოილოცეთ. ალბათ ბევრ სიწმინდეს შეეხეთ.

– ცხოვრებაში სამ რამეზე ვოცნებობდი – მომელოცა ათონის მთა, იერუსალიმი და დავბრუნდე ჩემს სოხუმში. ორი ოცნება ავისრულე და მესამეც აუცილებლად ამიხდება. ივერიის ღვთისმშობლის მონასტერი რომ მოვილოცე და კარიბჭის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს ვემთხვიე, პირველად ეს შევთხოვე, მომეცი ძალა, რომ აფხაზებისა და ქართველების შერიგებაში ჩემი წვლილი შევიტანო–მეთქი. როცა ამ თანამდებობაზე დავინიშნე, პატრიარქმა დამლოცა, კურთხევა მომცა, შერიგებაზე მეზრუნა. ახლახან მისგან კიდევ ერთი კურთხევა მივიღე, რომ ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლის დაწერა შევუკვეთოთ. ამაში მონაწილეობას ჩემი აფხაზი მეგობრებიც მიიღებენ. უწმინდესმა გვაჩვენა ილორის წმინდა გიორგის ხატი, რომელიც მოსკოვში ყოფნის დროს მას ერთ–ერთმა დევნილმა გადასცა. როცა ღვთისმშობლის ხატი დაიწერება, ილორის წმინდა გიორგის ხატთან ერთად აფხაზეთში შებრძანდება. წმინდა გიორგის ხატი აფხაზებისა და ქართველების შერიგების საწინდარი იქნება, ღვთისმშობლის ხატი – დედაშვილური შენდობის. ერთმა აფხაზმა ჩემს კაბინეტში ქართულ დროშასთან და საქართველოს პრეზიდენტის სურათთან ფოტო გადაიღო. მითხრა, არ მეშინია, რადგან ახლა შიში ჩემი ერის ღალატის ტოლფასიაო. ეს ის ხალხია, ვინც დღეს დე ფაქტო მთავრობის ოპოზიციაშია.

– ღმერთმა გისმინოთ და თქვენი ოცნება ახდეს. მოდით, თქვენს ოჯახზე უფრო დაწვრილებით გვიამბეთ. თქვენი სიყვარულის ისტორია როგორ დაიწყო?

– 1989 წლის 1 აპრილს ქეთიმ შემაცდინა და ცოლად მოვიყვანე. ის ზუგდიდში, ერთ–ერთ სუფრაზე გავიცანი. სუფრა ქეთის ბაბუის ძმის სახლში იყო გაშლილი. მამაჩემი თამადის მოადგილე იყო. სუფრას ქეთიც ემსახურებოდა. ღომი რომ ჩამოარიგა, რატომღაც მამაჩემი გამოტოვა. მამა გაეხუმრა, შვილო, რატომ გამომტოვე, ღომი მეც მიყვარსო. მამამ მაშინ მითხრა, შეხედე, კარგი გოგოაო. ერთმანეთი ასე გავიცანით. მაშინ პირველ კურსზე ვიყავი და არჩევანიც ბევრი იყო. ქეთი იმდენს მირეკავდა, ტელეფონი იწვებოდა...

ქეთევანი: არ დაუჯეროთ!

გიორგი: 1 აპრილს ვუთხარი, დღეიდან თუ გინდა, ცოლად გამომყევი–მეთქი და, სხვათა შორის, უარი არ უთქვამს. კიევში გავიპარეთ.

ქეთევანი: ნათესავებმა კიევში ჩამოგვაკითხეს, თაფლობისთვე ყველას ერთად გვქონდა.

გიორგი: მამა რომ გავხდი, 23 წლის ვიყავი. სხვათა შორის, თათა დაბადებიდანვე მე მგავდა.

– ქალბატონო ქეთევან, მომავალი მეუღლის თვისებებიდან ყველაზე მეტად რამ მოგხიბლათ?

ქეთევანი: გიორგი ძალიან კაცურია. მასთან ერთად ხვალინდელი დღის არ მეშინია, ჩემი მთავარი დასაყრდენია.

– ხშირად ამბობენ, სიყვარული წლების შემდეგ იცვლება და ზოგჯერ დიდ მეგობრობაში გადადისო.

გიორგი: ბალზაკის სიტყვებია – ცოლ–ქმარი 5 წელი შეყვარებულები არიან, მე–10 წელს მეგობრები ხდებიან, მე–15 წელს – და–ძმაო. ჩვენ ჯერჯერობით შეყვარებულები ვართ.

ქეთევანი: ჩვენ მეგობრები თავიდანვე ვიყავით. გიორგი რბილი ბუნების ადამიანი არ არის. ამიტომ მასთან ისე ვერ იცხოვრებ, თუ არ იმეგობრე.

გიორგი: ჩვენი ურთიერთობის მთავარი კატალიზატორი ის არის, რომ ეჭვიანი არც ერთი ვართ. როცა ცოლ–ქმარს შორის ნდობა არსებობს, მაშინ ყველაფერი წესრიგშია. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. ათონის მთაზე ბოლოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ავედი. ღვთის წყალობა იყო, რომ ტაძრის საკურთხეველში მოვხვდი. როცა ზიარებაზე მიდგა საქმე, იღუმენმა მკითხა, შვილო ჩემო, მეუღლე, შვილები თუ გყავსო. მყავს–მეთქი, ვუპასუხე. მეუღლისთვის თუ გიღალატიაო, მკითხა. მიღალატია–მეთქი, დავუდასტურე. ჯვარი დაწერილი თუ გაქვსო. არა, ჯვარი არ დაგვიწერია–მეთქი. იღუმენმა მითხრა, ჰოდა, ახლა არ გაზიარებ, ჯვარს რომ დაიწერ, ამოდი და მერე გაზიარებო.

ქეთევანი: გიორგიმ იქიდან დამირეკა, შენი ბრალია, ზიარება რომ ვერ მივიღეო. ორივეს გვინდა, რომ ჯვარი სვეტიცხოველში დავიწეროთ.

– ბატონო გიორგი, მუსიკას თქვენს ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს?

გიორგი: ახლა – მნიშვნელოვანი, ძალიან მიყვარს, მაგრამ მუსიკალურ სკოლაში სწავლა ჩემთვის დიდი ტანჯვა იყო. ბებიამ ფორტეპიანო მიყიდა და მთხოვა, ჩემი სიყვარულით მუსიკალურ სკოლაში იარეო. მართლაც დავიწყე სწავლა. სკოლის გვერდით სპორტული დარბაზი იყო. ვითომ მუსიკაზე მივდიოდი, სინამდვილეში კი დარბაზში ვთამაშობდი. საღამოს მუსიკის მასწავლებელი სახლში რეკავდა და მშობლებს ეუბნებოდა, თქვენი შვილი დღეს სკოლაში არ ყოფილაო. ჩამსვამდნენ მანქანაში და სკოლაში მივყავდით, სადაც ორი საათი ფორტეპიანოზე ვუკრავდი. მუსიკალური სკოლა ასე წვალებით დავამთავრე. ჩემი პედაგოგის დამსახურებაა, რომ დაკვრის ტექნიკას ვფლობ. მუსიკით ბევრი რამის გამოხატვა შეიძლება, ეს განსაკუთრებული სამყაროა.

– როგორ განწყობაზე უნდა იყოთ, რომ ინსტრუმენტთან მისვლა მოგინდეთ?

– ზოგჯერ ინსტრუმენტთან იმიტომ ვჯდები, რომ ჩემი ნაღველი გადმოვანთხიო, ზოგჯერ კარგი განწყობა მაქვს. მუსიკით ყველანაირი გრძნობის გამოხატვა შეიძლება. ზოგჯერ საათობით ვუკრავ.

– ქალბატონო ქეთევან, კომპოზიციებიდან რომელიმე თქვენთვის თუ მოუძღვნია?

ქეთევანი: კი, ერთხელ მომიძღვნა.

– როგორი მამაა ბატონი გიორგი?

ქეთევანი: რბილი ხასიათი მაქვს, ამიტომ მეგონა, რომ გიორგი ამის კომპენსირებას მოახდენდა და ოდნავ მკაცრი იქნებოდა, მაგრამ შვილებთან ურთიერთობაში ჩემზე რბილი აღმოჩნდა. გიორგის შვილების ყველა წვრილმანი აინტერესებს. ცდილობს, ბევრი რამ გაუკეთოს.

გიორგი: მხოლოდ კაცობა, მამულიშვილობა და განათლება რჩება. სხვა ყველაფერი შეიძლება, რომ ერთ დღეს გაქრეს.